RSS
Image

მიმართვა პატრიარქს – შეწყდეს ცხოველების შეწირვა რელიგიური მოსაზრებით

08 Feb

მიმართვა პატრიარქს – შეწყდეს ცხოველების შეწირვა რელიგიური მოსაზრებით

სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ილია მეორეს სახელზე ინტერნეტში მიმართვა გავრცელდა. ხელმომწერები ითხოვენ, შეწყდეს ცხოველების შეწირვა რელიგიური მოსაზრებით. მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ, ხელის მომწერნი, დიდი იმედით მოგმართავთ თქვენ, როგორც საქართველოს დიდ სულიერ მამას, რომლის აზრიც მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, მნიშვნელოვანია.

გვინდა შევეხოთ ბევრისთვის მტკივნეულ თემას „მსხვერპლთშეწირვას“… ჩვენ გვქონდა იმედი, რომ მართლმადიდებლური ეკლესია მიიღებდა რაღაც ზომებს და შეწყდებოდა ეს სისასტიკე, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი მხოლოდ უარესობისკენ მიდის…

მოგეხსენებათ, მსხვერპლთშეწირვა არის წარმართული და არამართლმადიდებლური წესი. სამწუხაროდ, ამ საკითხზე ჩვენი ეკლესიის მრევლს არ აქვს ინფორმაცია, მიაჩნიათ რომ უმანკო ცხოველების შეწირვა , მისაღები და ნორმალურია, თუმცა მრევლს ვერ გაამტყუნებ, რადგან მღვდელმსახურებიც გულგრილად უყურებენ ამ ხოცვა-ჯლეტას და არც ცდილობენ რომ ინფორმაცია მიაწოდონ მათ.

ამაზრზენია მსხვერპლთშეწირვის სანახაობა იმ ადგილებში, სადაც ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანები უფალთან შესახვედრად მიდიან. ბევრი მორწმუნე ადამიანი თავს არიდებს დღესასწაულებზე ეკლესიაში მისვლას, რათა თავი აარიდოს სისხლიან და შემზარავ სანახაობას. ხალხში ეს ინფორმაციის უქონლობა ფაქტიურად დანაშაულია ჩვენი ეკლესიის მხრიდან.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, უდიდესი მოწიწებით გთხოვთ, შეიტანოთ თქვენი წვლილი საქართველოში ცხოველების მიმართ სასტიკი დამოკიდებულების აღკვეთაში და ეკლესიებში ცხოველთა მსხვერპლთშეწირვის აღკვეთაში ერთხელ და სამუდამოდ. ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულება, მათზე ზრუნვა და მათი უფლებების დაცვა, ჩვენი ღრმა რწმენით, ხელს შეუწყობს ადამიანების სულიერ განვითარებას.

აქვე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ზოგიერთი მღვდელმსახური, მრევლს ცხოველთა წინააღმდეგ განაწყობს და უკრძალავს მათ ცხოველების სახლში ყოფნას იმ მიზეზით თითქოს ისინი უწმინდური არსებები იყვნენ, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ყოველგვარ ღვთიურს და შეურაცხყოფას აყენებს თვით ჩვენს ზეციერ შემოქმედს.

გთხოვთ, მიაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია საზოგადოებას ტელევიზიის ან ნებისმიერი სხვა საშუალებით. თქვენ შეგიძლიათ გამოასწოროთ ეს სიტუაცია თქვენი ერთი განცხადებით.

დიდი იმედი გვაქვს, რომ უყურადღებოდ არ დაგვტოვებთ, უღრმეს მადლობას მოგახსენებთ წინასწარ ამ საქმეში თქვენი კეთილშობილური წვლილის შეტანისთვის“, – აღნიშნულია მიმართვაში.

მიმართვაზე ხელმოწერა შესაძლებელია ამ მისამართზე

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა სხვადასხვა ფოტორეპორტიორების მიერ, დუშეთის რაიონის სოფელ მლეთაში, ლომისობაზე გადაღებული ფოტოები. ლომისობას აღდგომიდან მე–7 კვირას აღნიშნავენ. მლოცველები იკრიბებიან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ისინი ხატს ცხვარსა და კურატს სწირავენ.

წყარო-კახეთის საინმფორმაციო ცენტრი .

 

Tags:

Leave a comment